ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე “პსჟ”-მ და “ნაპოლი”-მ შეთანხმებას მიაღწიეს

ცნობილი საფეხბურთო სატრანსფერო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს მიერ X-ზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე “ნაპოლისა” და “პსჟ”-ს წარმომადგენლების საუბარი დადებითად წარიმართა და ტრანზიტიც მალე გაოფიციალურდება.
პარიზელები და კვარაცხელია პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმებულები არიან და ქართველი პირობებით კმაყოფილია.
კიდევ ერთი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით კონტრაქტი 2029 წლამდე გაფორმდება, სატრანსფერო ღირებულება კი 75 მილიონს მიაღწევს. ხვიჩას წლიური ხელფასი 8-9 მილიონ ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება და ეს, მაშინ როდესაც “ნაპოლიში” მისი ანაზღაურება მხოლოდ 1,2 მილიონ ევროს აღწევდა.
“პარტენოპეის” ისტორიაში ეს ღირებულების თვალსაზრისით მეორე უძვირესი ტრანსფერი იქნება, პირველ ადგილს 2016 წელს გონსალო იგუაინის “იუვენტუსში” ტრანზიტი იკავებს 90 მილიონი ევროთი. მესამე ადგილზე კი ედინსონ კავანია, რომელიც აგრეთვე “პსჟ”-ში 64 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა.
კვარაცხელია “პსჟ”-ს ისტორიაში პირველი ქართველი იქნება და ამავდროულად ასეთი ფასით ქართულ სატრანსფერო რეკორდსაც მოხსნის. საფრანგეთის ლიგა 1-ში კვარაცხელიას კიდევ ორი ქართველი გიორგი მიქაუტაძე (“ლიონი”) და ზურიკო დავითაშვილი (“სენტ-ეტიენი”) დახვდებიან.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია “ნაპოლიმ” 2022 წელს 10 მილიონ ევროდ “დინამო ბათუმიდან” შეიძინა, რის შემდეგაც 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2022/23 წლების სეზონში ხვიჩა სერია A-ს ჩემპიონი გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულიც მიანიჭეს.
წყარო: "ბიემჯი"