"ქართული ოცნების“ დავალებით საჯარო რეესტრის სააგენტო რეგისტრაციაზე უარს ეუბნება ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“

2024 წლის ნოემბერში 20-მდე სახელმწიფო და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის დაფუძნება. ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ების, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, საჯარო სამსახურის ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურის და სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები.

პროფკავშირის შექმნის მიზეზი და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება

2024 წლის დეკემბერში ოფიციალურად დაფუძნდა „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“. მისი შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, ასევე საჯარო მოხელეთა წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური რეპრესიები, რომლებიც ხმამაღალი პროტესტით გამოეხმაურნენ ამ გადაწყვეტილებას.

2024 წლის 25 დეკემბერს პროფკავშირის 36-მა დამფუძნებელმა საჯარო რეესტრის სააგენტოს მიმართა რეგისტრაციის მოთხოვნით. წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლებს შორის იყვნენ საჯარო რეესტრის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება, რათა სწორად წარმოედგინათ დოკუმენტები.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დოკუმენტაცია საკმარისი აღმოჩნდა სხვა პროფესიული კავშირების რეგისტრაციისთვის, მათ შორის, „საქართველოს მენეჯერთა, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირისა“ და „კოშკურა-ამწეს ოპერატორების პროფესიული კავშირისთვის“, საჯარო რეესტრმა 2024 წლის 26 დეკემბერს შეაჩერა პროფკავშირის რეგისტრაციის პროცესი, მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია, ხოლო საბოლოოდ, 2025 წლის 28 იანვარს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

ხელახალი მცდელობა და რეგისტრაციაზე მორიგი უარი

პროფკავშირმა, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო საჯარო რეესტრის მიკერძოებულ გადაწყვეტილებაში, 2025 წლის 18 თებერვალს ხელახალი განცხადება შეიტანა რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა ამჯერად პროფკავშირის სახელწოდება არ მოიწონეს და რეგისტრაციის პროცესი კვლავ შეჩერდა.

ამ ყველაფრის ფონზე აშკარა ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ აშინებს საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის შექმნა, რადგან მისი არსებობა ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიზანს – შექმნას პოლიტიკურად მორჩილი საჯარო სამსახური, რომელიც ხელისუფლების უკანონო დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს.

საერთაშორისო მექანიზმები

პროფკავშირის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, არამედ ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამ კონვენციას (N87, N98 და N151), რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული კავშირების თავისუფლებას.

ამიტომ, 26 თებერვალს „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ საჩივარი შეიტანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის შედგენაშიც მონაწილეობა მიიღო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“.

საჯარო მოხელეთა მასობრივი გათავისუფლებები და სახელმწიფო უწყებების რეორგანიზაცია

დღეის მდგომარეობით, დაუზუსტებელი მონაცემებით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულია დაახლოებით 400 პირი.

გათავისუფლებების მხრივ ლიდერობენ:

  • იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები (საჯარო რეესტრის სააგენტო, პრობაციის სააგენტო, იუსტიციის სახლი);
  • თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია, სადაც მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, თანამშრომლებს უკვე მიღებული აქვთ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება.
  • სსიპ პარლამენტის კვლევითი ცენტრი სრულად ლიკვიდირდება 10 მარტს, ხოლო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 1 აპრილს დასრულდება.

სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქტიურად ეხმარება ყოფილ საჯარო მოსამსახურეებს და იურიდიული მხარდაჭერის ფარგლებში:

  • სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი 11 გათავისუფლებული საჯარო მოხელის სახელით;
  • მომზადების პროცესშია კიდევ 8 სარჩელი;
  • უფასო იურიდიული კონსულტაცია გაწეული აქვს 70-ზე მეტ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს.

მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ საჯარო მოსამსახურეთა უფლებებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა და პროფკავშირი აგრძელებს საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტიტუტების ჩართვას პროცესში.

წერს: "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო"

კვირის პოპულარული
გამომყევი Facebook-ზე
სოციალური ქსელი
© 2025 VOICE OF GEORGIA