რა ელის მაუწყებლებს? ყველაფერი ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ

სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას
“გაგუდვა”, “მორჯულება”, “ცენზურის, თვითცენზურის დაწესება”, “ხალხის იგნორირება” - მედიამენეჯერები და ექსპერტები ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს ახსენებენ “ქართული ოცნების”ახალი საკანონმდებლო პაკეტის შესახებ საუბრისას. "ოცნება" საერთაშორისო სტანდარტებზე ლაპარაკობს.
სადავო პარლამენტში მაუწყებლებთან დაკავშირებით ცვლილებათა ორი პროექტი ელოდება კენჭისყრას - თითქმის სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.
მოლოდინს ამძიმებს უნდობლობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ, რომელსაც „ოცნება” კონტროლისა და დასჯის არეალს უფართოებს. სუსტდება მედიის თვითრეგულირების მექანიზმი.
„ქართული ოცნება” „ბრიტანული სტანდარტების” დამკვიდრებაზე ლაპარაკობს და მიზნებად - უცხოური გავლენების შემცირებას, ხარისხის ზრდასა და ეთიკური სტანდარტების დაცვას ასახელებს. ამტკიცებენ, რომ ახალი არაფერია და მედიას სიზუსტისა თუ მიუკერძოებლობის დაცვა მანამდეც ევალებოდა; მაგრამ ჟურნალისტების საქმიანობაში ახალი აკრძალვებიც იგეგმება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) მიუთითებს, რომ ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.
რა იცვლება? რა იკრძალება?
დაფინანსება
ცვლილებათა ერთი პაკეტის მიხედვით, მაუწყებელი [ტელევიზია, რადიო - მედიაორგანიზაცია სამაუწყებლო ლიცენზიით] ვეღარ მიიღებს „უცხოური ძალის” დაფინანსებას - ვერც პირდაპირ და ვერც ირიბად - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის ფორმით.
უცხოურ ძალა განმარტებულია, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირები, რომლებიც წარმოადგენენ.
- უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის სუბიექტს;
- ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში არ არის დაფუძნებული;
- ასევე ნებისმიერ ფონდს, ასოციაციას, კორპორაციას, კავშირს ანდა პირთა ნებისმიერ გაერთიანებას, რომელიც უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის დაფუძნებული.
იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა - პროგრამების მომზადებისა და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება, თანადაფინანსებაც.
იკრძალება ყველანაირი დაფინანსება, განურჩევლად კონკრეტული პროექტების საჭიროებისა. გამონაკლისია მხოლოდ კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროდუქტის განთავსება პროგრამაში.
განმარტებით ბარათში წერია, რომ - მაუწყებლის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა „უზრუნველყოფს უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირებას”.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება”.
- ამავე პროექტით, ასევე, მაუწყებლებს ეკრძალათ დაფინანსების მიღება სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, რაც მაგალითად რეგიონული ტელევიზიების შემთხვევაში - ხშირად ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს.
რეგულაციები
ცვლილებათა მეორე პაკეტში თავმოყრილია ცვლილებები, რომლებიც მაუწყებლებს [ტელევიზია, რადიო], ფაქტების ჯეროვანი სიზუსტისა და სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებებით, ახალ შეზღუდვებს უწესებს.
52-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების თანახმად:
- მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბების ბლოკში -„დადგმებისა და ინსცენირების გამოყენება”;
- ხოლო სხვა სახის გადაცემებში - „დადგმის ან ინსცენირების გამოყენებისას ნათლად უნდა განიმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება”.
54-ე მუხლი, რომელიც მოქმედ კანონში მხოლოდ ორი პუნქტისგან შედგებოდა, ახალ პროექტში ათი პუნქტით არის წარმოდგენილი. მე-5 პუნქტით იკრძალება:
- ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.
- პროგრამაში „რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა”.
სხვა ცვლილებების თანახმად, მაუწყებლებს ბალანსი მოეთხოვებათ საავტორო პროგრამებშიც და უნდა გაკონტროლდეს პირდაპირ ეთერში შესული ზარებიც.
- საავტორო პროგრამაში „ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“ და „თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება”.
- შერჩევა „სამართლიანობის პრინციპის დაცვით” უნდა მოხდეს - „რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ ზარებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება“.
მოქმედ კანონს ემატება ორი სპეციალური მუხლი [541 და 542] - „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა” და „ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან/და გადაცემა” - რომლებიც ჟურნალისტებს არაერთ შეზღუდვას უწესებს.
მხოლოდ „საჯარო ინტერესის” არსებობის შემთხვევაში შეუძლია ჟურნალისტს:
- ვიდეო-აუდიოჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე - როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულების ტერიტორიაზე;
- სიუჟეტის მომზადება „სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში” - უფლებამოსილი პირისა და ადგილზე მყოფი იმ პირების ნებართვის გარეშე.
ერთი მხრივ, [მე-6 პუნქტით] მაუწყებლისთვის დაშვებულია საჯარო ადგილებში ინტერვიუს აღება და ვიდეოგადაღება, მაგრამ, მეორე მხრივ, [მე-7 მუხლში] მითითებულია, რომ - ეთერში გადაცემამდე, „მაუწყებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილას გადაღებული კადრი, სიტყვა ან ქმედება არ არის პირადი ცხოვრების ისეთი ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის წინასწარ თანხმობას“.
ფარული ჩაწერის მეთოდებთან დაკავშირებით დაგეგმილია შემდეგი ნორმების ამოქმედება:
- კერძო საკუთრებაში ფარული ჩაწერის დროს საჭიროა უფლებამოსილი პირის თანხმობა. ხოლო თანხმობის გარეშე შესაძლებელია „მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის” შემთხვევაში და „საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება”.
- სატელეფონო საუბრის ჩაწერა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე, რესპონდენტს ჟურნალისტმა საკუთარი თავი წარუდგინა და ასევე „განუმარტა ზარის მიზანი და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს“.
- თუ ჟურნალისტს რესპონდენტი წინასწარ არ გაუფრთხილებია, თანხმობა უნდა მიიღოს მასალის [ეთერში] გაშვებამდე, „თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის”.
კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, „წინასწარი გაფრთხილების გარეშე” დაუშვებელია ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა [ეთერში განთავსების მიზნით] – გარდა იმ შემთხვევისა, „როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას”.
წერს "რადიო თავისუფლება"