ირაკლი ბებუა თავისუფალია

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას უკანონოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.
აღნიშნულ პერიოდში ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და სხვა რელევანტურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული მოლაპარაკებებისა თუ კომუნიკაციის ყველა სხვა ბერკეტი და ინსტრუმენტი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად."
- წერია "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბებუამ, 2020 წლის 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული სცადა დაეწვა. მოგვიანებით, მის სახლში ჩხრეკისას, პოლიციამ ნახა ხელყუმბარა.
საქართველოს იმ დროინდელმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადრე განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ხელოვნურად გაუმკაცრა სასჯელი ბებუას.
მას ბრალი წაუყენეს სამი მუხლით: სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისთვის ან დაზიანებისთვის, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან "მძიმე შედეგები" და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის.